„ლგბტ თემების პროპაგანდის უკან პოლიტიკური დაინტერესება დგას“ – რატომ უნდა გაკეთდეს ოჯახის შესახებ ჩანაწერი კონსტიტუციაში

ოჯახის სტატუსთან დაკავშირებით კონსტიტუციური ჩანაწერის გაკეთების შესახებ გია ვოლსკის წინადადებას „დემოგრაფიული აღორძინების ფონდი“ მხარს უჭერს. ფონდის პრეზიდენტი თამარ ჩიბურდანიძე ქვეყნის აბსოლუტური უმრავლესობის უფლებების დაცვის მიზნით, აუცილებლად მიიჩნევს გაკეთდეს ჩანაწერი, რომელიც მიუთითებს, რომ ოჯახი ქალისა და მამაკაცის ერთობაა.
როგორც ჩიბურდანიძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, ქართული მენტალიტეტიდან გამომდინარე, ის არ ვარაუდობს, რომ ერთსქესიანთა ქორწინების საკითხი დადგეს, თუმცა ბოლო წლების განმავლობაში აქტიური პროპაგანდით საზოგადოებას ამ საკითხის მიმართ შიში გაუჩნდა და ეჭვობენ, რომ ეს საკითხი შეიძლება აქტუალური ხვალ ან ზეგ გახდეს. იმისათვის, რომ ამის პრევენცია მოხდეს, ჩიბურდანიძე მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო ჩანაწერი აუცილებლად უნდა გაკეთდეს.
დემოგრაფიული აღორძინების ფონდის პრეზიდენტის თქმით, ლგბტ თემების ასეთ მასშტაბურ პროპაგანდას სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლები თავიანთი რესურსით ვერ შეძლებდნენ, ამიტომაც ის ეჭვობს, რომ მიმდინარე პროცესების უკან პოლიტიკა დგას.
„ ეს არის დროული, სწორი და ზუსტი გადაწყვეტილება. ჩვენ გვჯერა, რომ პარლამენტის საკონსტიტუციო უმრავლესობა ამ წინადადებას მიიღებს. ბოლო პერიოდში რატომღაც ლგბტ თემის საკითხების პროპაგანდა გახშირდა. არ მახსოვს გასული 9-10 წლის მანძილზე, 2014 წლამდე, როდესაც რუსთაველზე, მართლაც, მიუღებელი ინცინდენტი მოხდა, ამ თემების ასე წამოწევას ჰქონოდეს ადგილი. ამ შემთხვევამდე მათი უფლებების დასაცავად ასეთი ღია პროპაგანდა არ ყოფილა. მე ვფიქრობ, რომ ამის უკან პოლიტიკა დგას. მეეჭვება, რომ ამ კატეგორიის მცირე ჯგუფი თვითონ ახერხებდეს ამ დოზით პროპაგანდის შექმნას ამ თემაზე. ამის უკან პოლიტიკური დაინტერესება დგას. როდესაც ამ ჯგუფმა დემონსტრირება გადაწყვიტა რუსთაველზე, მათ იცოდნენ, რომ ისინი პროვოკაციას აწყობდნენ, ხალხი ამ პროვოკაციაზე წამოეგო. საერთო ჯამში, ეს ხელისუფლების იმიჯზე აისახა. ამიტომაც პარლამენტმა მიიღო ანტიდისკრიმინაციული კანონი, ამ კანონის მიღება სწორია. ამ კანონით დაცულია უმცირესობის უფლებები საქართველოში. აბსოლუტური უმრავლესობის შიში საქართველოში ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების საშიშროების შესახებ გამოწვეულია იმ ღია პროპაგანდით, რაც სამი წლის მანძილზე საქართველოში საზოგადოების ერთი ჯგუფის მხრიდან მიმდინარეობს. ამაში, სამწუხაროდ, ჩართულია მედიაც. ჩემი ღრმა აზრით, ამის უკან პოლიტიკური დაინტერესება დგას. სწორედ ამ აბსოლუტური უმრავლესობის უფლებების დაცვის მიზნით აუცილებელია საკონსტიტუციო ჩანაწერი გაკეთდეს ოჯახთან დაკავშირებით. მე მჯერა, რომ საქართველოში არც დღეს, არც ხვალ და არც ასი წლის მერე ერთსქესიანთა ქორწინების საკითხი არ დადგება, რადგან საქართველოში ქართველი ხალხის მენტალიტეტი ასეთ საკითხებთან მიმართებაში ძნელად იცვლება, თუმცა იმ ხალხის შიში რომ დავაზღვიოთ, ვინც შიშობს, რომ ეს საკითხი ხვალ ან ზეგ დადგება, ამისთვის უნდა მოხდეს პრევენცია და საკონსტიტუციო ჩანაწერი გაკეთდეს. თუკი ანტიდისკრიმინაციული კანონით სექსუალური უმცირესობის უფლებები არის დაცული, აბსოლუტური უმრავლესობის უფლებები უნდა იყოს დაცული ამ საკონსტიტუციო ცვლილებით“,- განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები