„საქართველოში 2017 წლიდან დემოგრაფიული კრიზისი იწყება“

„საქართველოში 2017 წლიდან დემოგრაფიული კრიზისი იწყება, თუ არაფერი შეიცვალა, კრიზისი პიკს 2030 წელს მიაღწევს, გაერო კი 2050 წლიდან დემოგრაფიულ კატასტროფას გვიწინასწარმეტყველებს, თუმცა ეს კრიზისი 2017 წლიდან იწყება“,- აღნიშნული განცხადება დემოგრაფიული აღორძინების ფონდის პრეზიდენტმა, თამარ ჩიბურდანიძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
თამარ ჩიბურდანიძის განცხადებით, 2017 წლიდან შობადობის კლება გარდაუვალია, რადგან 90-იან წლებში დაბადებული გოგონების რაოდენობა, რომლებიც რეპროდუქციულ ასაკში სწორედ 2017 წელს შედიან, 80-იან წლებში დაბადებული გოგონების რაოდენობის ნახევარია.
„რამდენიც უნდა ვეცადოთ შობადობის გაზრდას, დღეს და ხვალ, 2017 წლიდან შობადობის კლების დაწყება გარდაუვალია. 80-იან წლებში საქართველოში დაახლოებით 445 ათასი გოგონა გაჩნდა, დემოგრაფიული ხაზი, ძირითადად, დაბადებული გოგონების რაოდენობას მიჰყვება. 90-იან წლებში საქართველოში გაჩნდა ამის ნახევარი, აქედან გამომდინარე, ეს გოგონები, რომლებიც 90-იან წლებში გაჩნდნენ, დედობის ასაკში სწორედ 2017 წლიდან შედიან. ჩვენ ციფრს ვეღარ შევცვლით, გამოდის, რომ მაშინ დაბადებული გოგონები მომავალი წლიდან იწყებენ შობადობას. განახევრებული დედების რაოდენობა განახევრებულ ბავშვთა რაოდენობას ნიშნავს. თუ არაფერი შეიცვალა ქვეყანაში, კრიზისი 2025- 2030 წლისთვის პიკს მიაღწევს და დემოგრაფიულ კატასტროფას მივიღებთ. ჩვენ სწორედ ამიტომ დავიწყეთ მუშაობა 3 წლის წინ ხელისუფლებასთან ერთად, თუმცა ამაზე მუშაობა მინიმუმ 10 წლის წინ უნდა დაწყებულიყო, რომ 2017 წელს ახალი დემოგრაფიული თაობა უფრო დიდი რაოდენობით შეხვედროდა ამ მდგომარეობას. დღეს დაწყებული მუშაობა და დემოგრაფიული პოლიტიკა შედეგს გამოიღებს 2030 წლის შემდეგ, როდესაც შემდგომი დემოგრაფიული თაობა მოვა“,- განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები