„საქართველოს 6 რეგიონში სიკვდილიანობა შობადობას აღემატება“- რას გულისხმობს მთავრობის დემოგრაფიული პოლიტიკა

„საქართველოს 6 რეგიონში არის მინუს ბალანსი და სიკვდილიანობა შობადობას აღემატება“, – აღნიშნული განცხადება დემოგრაფიული აღორძინების ფონდის პრეზიდენტმა თამარ ჩიბურდანიძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
თამარ ჩიბურდანიძის თქმით, პრობლემის აღმოსაფხვრელად დემოგრაფიული აღორძინების ფონდმა ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად დისბალანსის აღმოსაფხვრელად დემოგრაფიული პოლიტიკა შეიმუშავა და 2014 წლიდან ის უკვე საქართველოს 6 რეგიონში ხორციელდება.
აღნიშნული პოლიტიკის გატარების შემდეგ 6 ყველაზე პრობლემურ რეგიონში შობადობამ იმატა და სიკვდილიანობამ იკლო, თუმცა ბალანსის გამოსწორებას წლები დასჭირდება, რადგან ამ რეგიონებში ჯერ კიდევ სიკვდილიანობა შობადობას უსწრებს.
ჩიბუდანიძემ საზოგადოებას ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის კვლევის შედეგებიც გააცნო. კვლევა ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკას ეხებოდა.
დემოგრაფიული აღორძინების ფონდის ხელმძღვანელის თქმით, ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკა დემოგრაფიულ პოლიტიკაში მთავარი მიმართულება უნდა იყოს.
„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მიერ კვლევა ჩატარდა, რომელიც ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკას ეხება. ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკა დემოგრაფიულ პოლიტიკაში მთავარი მიმართულება უნდა იყოს. კვლევის ავტორებმა საქართველოს მასშტაბით ჩაატარეს მოკვლევა, თუ რა გაკეთდა 3 წლის მანძილზე დემოგრაფიული კუთხით ფინანსური დახმარებების მიმართულებით. 2014 წლის პირველი ივნისიდან საქართველოში დემოგრაფიული პოლიტიკა ამოქმედდა, რაც მესამე და შემდგომი შვილის გაჩენის შემთხვევაში სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსებას საქართველოს 6 რეგიონში გულისხმობს, ბარში 150, ხოლო მთაში თვეში 200 ლარის ოდენობით.
ეს ინიციატივა ხორციელდება მხოლოდ 6 რეგიონში, რადგან თავადაპირველად ეს უნდა განხორციელდეს იმ რეგიონებში, სადაც არის მინუს ბალანსი და სიკვდილიანობა აღემატება შობადობას. უნდა მოხდეს მოსახლეობის დისბალანსის აღმოფხვრა რეგიონებს შორის. ერთ – ერთი მსხვილი დემოგრაფიული პრობლემაა რეგიონებს შორის დისბალანსი.
თბილისი გადაჭედილია, ქვემო ქართლს და აჭარას ჰყავს დიდი რაოდენობით მოსახლეობა, დანარჩენ რეგიონებში მოსახლეობის სერიოზული სიმცირეა. აქედან გამომდინარე, ჩვენ და ყოფილმა პრემიერმა გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ განხორციელებულიყო რეგიონალური დემოგრაფიული პოლიტიკა.
ამ ინიციატივამ ძალიან დადებითი შედეგი გამოიღო და 2014 წლის 1 ივნისიდან 2015 წლის დეკემბრამდე ამ ინიციატივის მიმღები ბენეფიციარი უკვე 5283 ბავშვია. ესენი არიან ბავშვები, ვინც ამ პერიოდში გაჩნდა ამ 6 რეგიონში. სერიოზული მატებაა მესამე და შემდგომი შვილის. ამ 6 რეგიონში, ზოგადად, შობადობა გაიზარდა,სიკვდილიანობა შემცირდა, თუმცა ჯერ კიდევ მინუს ბალანსი რჩება და სიკვდილიანობის რიცხვი, კლების მიუხედავად, აღემატება შობადობას. რამდენიმე წელი დასჭირდება იმას, რომ ამ რეგიონებში ბუნებრივი მატება მივიღოთ. ამ ინიციატივის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო, დედაქალაქიდან მოსახლეობის გადინება მომხდარიყო და ასეც მოხდა. ვიცით ბევრი მაგალითი, როცა ბევრი ოჯახი კახეთში გადავიდა თბილისიდან საცხოვრებლად, გადავიდნენ ბაღდადშიც, რომ ეს დახმარება მიეღოთ“,- აღნიშნა თამარ ჩიბურდანიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები