ირაკლი შიხიაშვილი: ეს არის ცილისწამება და ამის გამო იძულებული ვარ, მივმართო სასამართლოს

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელი ირაკლი შიხიაშვილი განცხადებას ავრცელებს. როგორც ირაკლი შიხიაშვილი აცხადებს, კოსტა ყორღანოვს მრავალჯერ დაუფინანსდა მედიკამენტები და სხვადასხვა სამედიცინო მომსახურება, ბოლოს სამსახურმა მას დაუფინანსა მაღალტექნოლოგიური გამოკვლევებიც სწორედ იმ დროს, როცა იგი, როგორც ,,ჰოსპიტლის გადარჩენის კომიტეტის“ წევრი, აპროტესტებდა სამსახურის მიერ ვეტერანებისთვის სამედიცინო მომსახურების გასაუმჯობესებლად გადადგმულ ნაბიჯებს.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, გარკვეული ჯგუფის მიერ ვეტერანების სამსახურის და სამსახურის ხელმძღვანელობის მისამართით მიზანმიმართული კამპანია მიმდინარეობს. მისი ინფორმაციით, აღნიშნული ჯგუფის წარმომადგენლები უკრაინაში მყოფი ანტისახელმწიფოებრივი ძალების მიერ იმართებიან.
“კვირა“ ირაკლი შიხიაშვილის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
“ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური აპოლიტიკური ორგანოა, იგი ემსახურება ყველა ვეტერანს, მიუხედავად მათი პოლიტიკური შეხედულებებისა და მრწამსისა. სწორედ ამიტომ ჩემთვის მიუღებელი და სამწუხაროა, როცა ზოგიერთი მერკანტილური ადამიანების ჯგუფი თავიანთი პოლიტიკური მიზნის მისაღწევად ცდილობს, ტალახში ამოსვაროს ვეტერანის ღირსება და ამისთვის მიდის გაუგონარ შანტაჟზე.
მინდა, იცოდეს საზოგადოებამ, რომ კოსტა ყორღანოვს, რომელიც არის გია ბერძენაძის პარტიის წევრი, სამსახურის მხრიდან არასდროს მოჰკლებია ყურადღება, მას მრავალჯერ დაუფინანსდა მედიკამენტები და სხვადასხვა სამედიცინო მომსახურეობა, ბოლოს სამსახურმა მას დაუფინანსა მაღალტექნოლოგიური გამოკვლევებიც სწორედ იმ დროს, როცა იგი, როგორც ,,ჰოსპიტლის გადარჩენის კომიტეტის“ წევრი, აპროტესტებდა სამსახურის მიერ ვეტერანებისთვის სამედიცინო მომსახურების გასაუმჯობესებლად გადადგმულ ნაბიჯებს. ამ კომიტეტის წევრები თავად მკურნალობენ კლინიკა ,,ლანცეტში“ და სხვებს მოუწოდებენ, არ მიიღონ სამედიცინო სერვისები აღნიშნულ კლინიკაში. ეს აშკარად თვალში ნაცრის შეყრაა, უნდა მოხდეს ამ ხალხის ლუსტრირება.
მოგეხსენებათ, გარკვეულ პროვოკატორთა ჯგუფის მიერ მიზანმიმართული კამპანია მიმდინარეობს სამსახურის და სამსახურის ხელმძღვანელობის მისამართით.
სამწუხაროა, რომ ცდილობენ, შეცდომაში შეიყვანონ ვეტერანები. კატეგორიულად ვაცხადებ, რომ ჩემი თანდასწრებით, არანაირი 15 -კაციანი ჯგუფის მიერ ყორღანოვის ცემის ფაქტს ადგილი არ ჰქონია, მით უმეტეს – საპატრულო ეკიპაჟის თანდასწრებით. ეს არის ცილისწამება და ამის გამო მე იძულებული ვარ, მივმართო სასამართლოს. ჩემთვის გასაგებია მათი ისტერია, ვინაიდან ამ ყველაფრის უკან კეზერაშვილის ხელის ბიჭი, ვახტანგ მაჭავარიანი და გია ბერძენაძის პოლიტიკური ორგანიზაცია დგას. საზოგადოებისთვის მიმინდია ამ ადამიანების საქციელის შეფასება.
ჩემთვის მიუღებელია, რომ ეს ადამიანები ვეტერანების სახელს ამოფარებულნი ცდილობენ ზიანი და შეურაცხყოფა მიაყენონ ვეტერანთა საზოგადოებას, თითქოს ვეტერანები ვერ არჩევდნენ ერთმანეთისგან სიმართლესა და საქმის კეთებას, სიცრუისა და პირადი გამორჩენისგან. მინდა მივმართო თითოეულ ვეტერანს, რომ სამსახურს დაწყებული აქვს ბევრი სასიკეთო და მნიშვნელოვანი პროექტი ვეტერანების ღირსებისა და პატივის ასამაღლებლად, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას გასაუმჯობესებლად, ვეტერანების დასასაქმებლად. როგორც კი სამსახური ვეტერანების ინტერესებზე ორიენტირებული პროექტების განხორციელებას იწყებს, მაშინვე გააფთრებულად იბრძვის ეს ჯგუფი, რათა ხელი შეგვიშალონ საქმის კეთებაში. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ისინი იმართებიან ანტისახელმწიფოებრივი ძალების მიერ, რომლების მოკალათებულნი არიან უკრაინაში. მინდა მივმართო ვახტანგ მაჭავარიანს, გია ბერძენაძეს და სხვებს, რომლებიც ვეტერანების სახელს ამოფარებულან, რომ არასდროს გამოიყენონ ვეტერანების სახელი და არ მოახდინონ ვეტერანების დისკრედიტაცია პირადი პოლიტიკური ინტერესებისა და მერკანტილური მიზნებისათვის.
შეიძლება, ეს უცხო სიტყვაა მათთვის, მაგრამ იცოდნენ, ეს სირცხვილია! ასევე მინდა იცოდნენ, რომ ისინი თავისი უზნეო ქმედებებით ვერასდროს შეგვიშლიან ხელს, ვიზრუნოთ ვეტერანების უკეთეს ხვალინდელ დღეზე. დასასაბუთებლად წარმოგიდგენთ ყორღანოვის მიმართ სამსახურის მიერ და სამსახურის შუამდგომლობით გაწეული დახმარებების დოკუმენტებს. ვეტერანთა საზოგადოებისათვის მიმინდია ამის შემდეგ, თვითონ დაარქვან სახელი ამ ადამიანების საქციელს. ვეტერანებო, ამ ადამიანების გვერდით დგომა ვეტერანების ღირსების დამაზიანებელია. ვინც ასეთ უღირს საქციელს კადრულობს, თანადგომას კი არა, გამიჯვნას იმსახურებს. იხილეთ თანდართული ფაილები: საგარანტიო წერილები, რომელშიც ჩანს სამსახურის მიერ გაწეული სამედიცინო მომსახურების დაფინანსება“,- აცხადებს ირაკლი შიხიაშვილი.

12746419_447991498740372_2010006786_n

12782339_447991578740364_118636533_n

12769648_447991552073700_379086889_n

12516314_447991505407038_1548743081_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები