შსს-ს ვიცე-პოლკოვნიკმა მაია მახარაშვილმა ახალი წიგნის პრეზენტაცია გამართა

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის, პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკისა და ჯ. ლეჟავას სახ. მეცნიერებათა მრავალპროფილიანი საერთაშორისო აკადემიის წევრის – მაია მახარაშვილის წიგნის „უცნაური რეტრომანის კოსმოსური ექსპერიმენტი“ პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, მწერლები, პოეტები, პუბლიცისტები და ლიტერატურული კრიტიკოსები დაესწრნენ. საღამო წაიყვანეს და მუსიკალურად გააფორმეს შემოქმედებითი ჯგუფ “ზღვარის” წევრებმა.
აღნიშნული რომანი მაია მახარაშვილის პირველი პროზაული ნაწარმოებია, გამოირჩევა თემატიკის მრავალფეროვნებით და განკუთვნილია ყველა ასაკის მკითხველისთვის. მასში დეტექტივისა და ფანტასტიკის ელემენტების გამოყენებით აღწერილია კრიმინალების მიერ გატაცებული პოლიციის ოფიცრის უჩვეულო თავგადასავალი.
წიგნის ავტორმა თავისი განვლილი შემოქმედებითი გზა გაიხსენა და ისაუბრა, თუ როგორ დაიბადა ნაწარმოების შექმნის იდეა. როგორც მაია მახარაშვილმა აღნიშნა, ახალი წიგნი მისი ცხოვრებისეული გამოცდილების, დაკვირვებისა და წარმოსახვის ნაყოფია. რომანის მიზანია საზოგადოებისთვის სამართალდამცველების რთული და ხიფათით აღსავსე საქმიანობის და მათი დაუღალავი შრომის ჩვენება.
„ვერც ერთი ქვეყანა ვერ იქნება უსაფრთხოდ, თუ მას ძლიერი სპეცსამსახურები არ ეყოლება“, – განაცხადა ავტორმა.
მაია მახარაშვილმა სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და უახლოეს მომავალში თავისი ლექსებისა და მოთხრობების კრებულის გამოცემაც დაანონსა. მან საკუთარი ლექსებიც წაიკითხა და ღონისძიების დასასრულს დამსწრე საზოგადოებას წიგნები საჩუქრად გადასცა.
პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე მაყვალა გონაშვილი, ჯ. ლეჟავას სახ. მეცნიერებათა მრავალპროფილიანი საერთაშორისო აკადემიის პრეზიდენტი გულნაზ ხარაიშვილი, მწერლები და პოეტები, რომლებმაც მწერლის შემოქმედებითი ცხოვრებისა და პოეტური ტალანტის შესახებ თბილი სიტყვები არ დაიშურეს.
მაია მახარაშვილი არის ლექსების, მოთხრობების, ნოველებისა და თარგმანების ავტორი. გამოცემული აქვს პოეტური კრებული „საქართველო მოიშუშებს იარებს“.
12717687_10153480611254779_1810337092518003687_n
12715528_10153480611244779_4144262036552592236_n

12743601_10153480611259779_2981782803723196966_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები