პრეზიდენტის სასახლეში პანკისელი ბავშვების ფოტოგამოფენა გაიმართა

საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში პანკისელი ბავშვების ფოტოგამოფენა გაიმართა. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოფენაზე წარმოდგენილი ფოტოების ავტორები საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით განხორციელებული პროექტის მონაწილე ბავშვები არიან, რომლებმაც ნამუშევრები თბილისში ჩამოიტანეს.
“გამოფენაზე მოწვეულები არიან თბილისის და რუსთავის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები, რაც ძალიან კარგი საშუალებაა იმისათვის, რომ მათ თავიანთი თანატოლების თვალით დანახული პანკისის ხეობა ნახონ”, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა ეთნიკური უმცირესობების საკითხებში სოფიო შამანიდმა.
პროექტი, რომელსაც ფოტოკლუბი “ბერთი” საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით ახორციელებს, პანკისის ხეობაში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ფოტოსახელოსნოს მოწყობასა და ფოტოხელოვნების შესწავლას ითვალისწინებს.
ცნობისთვის, პროექტის ფარგლებში ფოტოხელოვნების კურსი 6 თვის განმავლობაში 26-მა ბავშვმა გაიარა. პროექტის ხელმძღვანელი ფოტოხელოვანი ნათელა გრიგალაშვილია. გამოფენის შემდეგ თბილისისა და რუსთავის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებმა პრეზიდენტის სასახლე დაათვალიერეს. როგორც პრეზიდენტის პრესსამსახურში აცხადებენ, ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, უკვე რამდენიმე თვეა, პრეზიდენტის სასახლეში სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის ექსკურსიები ეწყობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები