ძლიერმა ქარმა რუსთავში სახლებს სახურავები გადახადა – რამდენიმე უბანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

ძლიერმა ქარმა რუსთავში საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახადა. განსაკუთრებით დავით გარეჯის ქუჩის მოსახლეობა დაზარალდა, სადაც ქარმა საცხოვრებელ სახლს სახურავი პრაქტიკულად მთლიანად გადახადა, 9 მაისის ქუჩაზე კი სახურავიდან მოგლეჯილმა თუნუქის ფირფინტამ ერთ-ერთი მოსახლის ავტომანქანა დააზიანა.
რუსთავის მერიის „ცხელი ხაზის“ ინფორმაციით, სახურავის დაზიანების შესახებ ამ დროისათვის 15-მდე შეტყობინებაა შესული.
დავით გარეჯის #1 კორპუსში შექმნილ მდგომარეობას რუსთავის მერი დავით ჯიქია ადგილზე გაეცნო. მისი განცხადებით, სტიქიამ სერიოზულად მხოლოდ სამი კორპუსის სახურავი დააზიანა. ძლიერმა ქარმა პრობლემები დღეს ქალაქის ენერგო და წყალმომარაგებაშიც შექმნა. გაჩიანის ქვესადგურის ავარიული გამორთვის გამო რუსთავის რამდენიმე უბანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ძლიერმა ქარმა გარდაბნის თბოელექტროსადგურის ტერიტორიაზე გამავალი მაღალი ძაბვის 110 კვ-იანი გადამცემი ხაზი დააზიანა და “რუსთავის წყლის” ხრამის სათავე ნაგებობის მკვებავი ქვესადგური “მარანი” ავარიულად გაითიშა, რის გამოც რუსთავისა და გარდაბნის მოსახლეობას წყალმომარაგება შეუწყდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები