4 წლის ბავშვის დედამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა – რას აცხადებენ მეზობლები მოძალადე მამაზე

4 წლის ბავშვი, რომელიც მამამ – მალხაზ მალიაძემ სასტიკად სცემა, დედით ობოლია.
პატარა დაბადებიდან უდედოდ – მამასთან, ბებიასთან და დეიდასთან, იზრდებოდა.
როგორც „კვირას“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურის რწმუნებულმა როინ გოგიტიძემ განუცხადა, 4 წლის ბიჭის დედამ, 28 წლის რუსუდან ხოზრევანიშვილმა 2012 წელს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მან თავი ჩამოიხრჩო. მიზეზი კი მისი ფსიქიკური მდგომარეობა გახდა.
ცეცხლაურის მაცხოვრებლები მალიაძეების ოჯახთან დაკავშირებით აცხადებენ, რომ ისინი მეზობლებთან კონტაქტით არ გამოირჩევიან.
როგორც ამბობენ, ოჯახი სოციალურად დაუცველია და პატარას ოჯახი სათანადოდ ვერ უვლიდა.
მეზობლები 4 წლის პატარას მამას, 35 წლის მალხაზ მალიაძეს ფსიქიკურად გაუწონასწორებელ პიროვნებად ახასიათებენ და ამბობენ, რომ შვილის ცემის ფაქტს ადგილი აქამდეც ჰქონია.
„ბავშვი მაგათთან არ დაიტოვება. ვერ უვლიან. ძალიან უჭირთ, ამდენი სული 10 კვადრატულში ცხოვრობს. ბავშვი ხშირად ნახევრად მშიერი ყოფილა. კი ვეხმარებოდით მეზობლები, მაგრამ დიდად კონტაქტურები არ არიან.
ბავშვი ძალიან იყო ნაცემი. მამაც ჯანმრთელი ფსიქიკის არ არის. საუბრისას ეს შესამჩნევია“, – განუცხადეს „კვირას“ მალიაძეების მეზობლებმა.
ქობულეთში 4 წლის პატარას ცემის შესახებ ინფორმაცია 16 თებერვალს გავრცელდა. სოციალურ მუშაკს კი ამის შესახებ საბავშვო ბაღის გამგემ შეატყობინა, როდესაც მამამ ნაცემი ბავშვი საბავშვო ბაღში მიიყვანა. პატარას ძალადობის კვალი სახისა და ბარძაყების არეში აღენიშნებოდა. პატარას ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და ახლა სოციალური მუშაკის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
მომხდარიდან მეორე დღესვე სამართალდამცველებმა 4 წლის შვილის ძალადობის ბრალდებით 35 წლის მალხაზ მალიაძე დააკავეს. მას ქობულეთის რაიონულმა სასამართლომ წინასწარი 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც 1-დან 3 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები