ფოტოგრაფიის ქართული სააგენტო KONTAKTPHOTOS პრეზენტაციაზე გიწვევთ

რამდენიმე ფოტოხელოვანი დოკუმენტური ფოტოგრაფიის ქართული სააგენტოს KONTAKTPHOTOS-სა და ვებსაიტის kontaktphotos.com-ის პრეზენტაცია-ფოტოგამოფენას აწყობს.
ღონისძიება ფოტოგალერეა Black & White Gallery-ში (იაკობ გოგებაშვილის 46ბ) 16 თებერვალს, 19.00 საათზე გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებენ ფოტოგრაფები: ნათელა გრიგალაშვილი, ანდრო ერაძე, ვახო ხეთაგური, გიორგი შენგელია, ბესო უზნაძე.
KONTAKTPHOTOS – არის დოკუმენტური ფოტოგრაფიის ქართული სააგენტო, რომელიც დაარსდა 2015 წელს. ფოტოსააგენტოს ვებგვერდი შეიქმნა ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს ” მხარდაჭერით.
სააგენტოს დამფუძნებელი და ხელმძღვანელია ფოტოგრაფი ნათელა გრიგალაშვილი. როგორც „კვირას“ ნათელა გრიგალაშვილმა განუცხადა, სააგენტოს მიზანია იყოს ხელშემწყობი პლატფორმა ფოტოგრაფებისთვის საქმიანობის ყველა ეტაპზე, ხანგრძლივ პროექტებსა და მულტიმედიაზე მუშაობისას.
სააგენტო მხარს უჭერს ჯგუფურ და ინდივიდუალურ ფოტოპროექტებს, რომელთაც აქვთ დოკუმენტური და ჰუმანური ხედვა, რომლებშიც აისახება დღევანდელი ყოფა, თანამედროვე სამყარო და ადამიანი ამ სამყაროში, სოციალური გარემო და ცხოვრების სხვადასხვა ასპექტი – პოლიტიკა, საზოგადოება, ეკოლოგია, ადამიანის უფლებები. აგრეთვე სააგენტოს მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში ფოტოგრაფიის განვითარებას, ჩაატაროს სემინარები, ვორქშოფები და შეხვედრები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები