დავით უსუფაშვილი: კოალიციის ერთიანობა რაიმე განცხადებებზე დამოკიდებული არ არის
კოალიციის ერთიანობა რაიმე განცხადებებზე დამოკიდებული არ არის, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა თინა ხიდაშელის თაობაზე დეპუტატ გოგი თოფაძის პოზიციასთან დაკავშირებით განაცხადა.
დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ თოფაძის განმარტებით, მას თინა ხიდაშელის შესახებ მსგავსი ტიპის განცხადება არ გაუკეთებია.
„კოალიციის ერთიანობა რაიმე განცხადებებზე დამოკიდებული არ არის. ამას გაცილებით უფრო სერიოზული წინაპირობები და საფუძვლები გააჩნია. რაც შეეხება კონკრეტულ განცხადებას, რომელზეც თქვენ მიმითითებთ, ამის თაობაზე ბატონი თოფაძე ბრძანებს, რომ მას ეს ასე არ უთქვამს. მე ახლა უფრო იმას ველი, რომ ის მედიასაშუალება, რომელმაც ეს ინფორმაცია გაავრცელა, რას გვეუბნება და რითი გვიმტკიცებს, რომ მან ეს თქვა თუ არ თქვა. ვიდრე ეს არ გაირკვევა, იქამდე სხვა ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ, იმიტომ რომ რასთან გვაქვს საქმე, მე ეს ჯერ არ ვიცი”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მედიით გავრცელებული ინფორმაციით, მმართველი გუნდის წევრმა გოგი თოფაძემ თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი საგარეჯოში ჩატარებული მაჟორიტარული არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულა.