ბორდოში ქართული მევენახეობა-მეღვინეობისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართება

2017 წელს საფრანგეთის ქალაქ ბორდოში, ღვინის ცივილიზაციის მსოფლიო ცენტრში, ქართული მევენახეობა-მეღვინეობისადმი მიძღვნილი მასშტაბური გამოფენა მოეწყობა. ღონისძიება საქართველოს, როგორც ღვინის კულტურისა და უძველესი ცივილიზაციის მქონე ქვეყნის პოპულარიზაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
საქართველო იქნება პირველი მიწვეული ქვეყანა, რომელიც ბორდოს ღვინის ცივილიზაციის ცენტრში მევენახეობა-მეღვინეობისადმი მიძღვნილ გამოფენათა ციკლს გახსნის.
ღონისძიების მნიშვნელობიდან გამომდინარე, გამოფენის წარმატებით და მაღალ დონეზე ჩატარების მიზნით, გამოფენის საორგანიზაციო საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისია შეიქმნა. კომისიას, რომლის შემადგენლობაშიც სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები შედიან, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია უხელმძღვანელებს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროში 2017 წელს ქალაქ ბორდოში ღვინის ცივილიზაციის ცენტრში გასამართი ქართული მევენახეობა-მეღვინეობისადმი მიძღვნილი გამოფენის ჩატარებისთვის შექმნილი სამთავრობო კომისიის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე გამოფენის კონცეფციაზე და საორგანიზაციო საკითხებზე იმსჯელეს.
კომისიის წევრებმა ღვინის ცივილიზაციის ცენტრისთვის გადასაცემად საინფორმაციო მასალების და შესაბამისი ლიტერატურის მომზადების და გამოფენაზე წარსადგენი ღვინის სახეობების შერჩევის საკითხებიც განიხილეს.
,,დღეს, როდესაც საქართველო ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე დგას, ამასთან, გაფორმებული გვაქვს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA), ქართული პროდუქციის და, ზოგადად, საქართველოს პოპულარიზაცია და პოზიციონირება ევროკავშირის ქვეყნებში ძალიან მნიშვნელოვანია. შეიძლება თამამად ითქვას, რომ ბორდო წარმოადგენს მეღვინეობის მსოფლიო ცენტრს. შესაბამისად, ბორდოს ღვინის ცივილიზაციის მსოფლიო ცენტრში საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს წარდგენა ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციას როგორც ევროპის, ასევე მსოფლიოს მასშტაბით. მნიშვნელოვანია, რომ გამოფენაზე საქართველო წარდგეს არა მხოლოდ ერთი – მეღვინეობის მიმართულებით, არამედ კომპლექსურად – კულტურული, ეთნოგრაფიული, ისტორიული მიმართულებითაც. სწორედ ამიტომ, გამოფენის საორგანიზაციო ჯგუფში ჩართულები არიან სოფლის მეურნეობის, საგარეო საქმეთა, განათლებისა და მეცნიერების, კულტურის და ძეგლთა დაცვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროების წარმომადგენლები“, – აღნიშნა ოთარ დანელიამ.
როგორც შეხვედრაზე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საფრანგეთში ეკა სირაძე-დელონემ აღნიშნა, ღვინის ცივილიზაციის მსოფლიო ცენტრმა პირველ საპატიო სტუმრად საქართველო, როგორც ღვინის სამშობლო, ღვინის ცივილიზაციის აკვანი, მიიწვია. ფაქტი, რომ მეღვინეობის მსოფლიო ცენტრში საქართველო იქნება წარმოდგენილი, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნის პოპულარიზაციას.
სამუშაო შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთში ეკა სირაძე-დელონე, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, ასოციაცია ,,ქართული ღვინის“ აღმასრულებელი დირექტორი თინა კეზელი, საგარეო საქმეთა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროების, ასევე ეროვნული მუზეუმის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ქალაქ ბორდოში ღვინის ცივილიზაციის მსოფლიო ცენტრი 2016 წლის 31 მაისს საზეიმოდ გაიხსნება. მასშტაბური კომპლექსის აშენება ქალაქ ბოროდს მერის, ალან ჟუპეს ინიციატივას წარმოადგენს. ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრში ნაკლებად იქნება წარმოდგენილი მუზეუმისთვის დამახასიათებელი არქეოლოგიური ნაწილი. აღნიშნული ცენტრი, რომელიც 14 ათას კვადრატულ მეტრზე იქნება განლაგებული, თანამედროვე არქიტექტურითა და ტექნოლოგიებით იქნება გამორჩეული. ცენტრში წარმოდგენილი იქნება დარგის უახლესი მიღწევები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები