“თი-ბი-სი” ბანკმა სტუდენტური კონკურსის: „მისია 2015″-ის გამარჯვებულები დააჯილდოვა

“თი-ბი-სი” ბანკმა სტუდენტური კონკურსის, „მისია 2015″-ის გამარჯვებული გუნდები ფულადი პრემიებით დააჯილდოვა.
ბანკის ინორმაციით, დაჯილდოების ცერემონია “თი-ბი-სი” გალერეაში გაიმართა და მას სტუდენტებთან ერთად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა და „თი-ბი-სი“ ბანკის საგარეო ურთიერთობებისა და მედიაკომუნიკაციების დირექტორი, თამარ კირვალიძე დაესწრნენ.
ბანკის საპრიზო ფონდი 5000 ლარი იყო და გამარჯვებულ 3 გუნდზე ასე გადანაწილდა: I ადგილი – 2500 ლარი, II ადგილი – 1500 ლარი, III ადგილი – 1000 ლარი.
დაჯილდოების ცერემონიამდე, სპეციალურად ამ პროექტის ფინალისთვის მოწვეულმა ჟიურის წევრებმა 6 ფინალისტი გუნდის პრეზენტაცია მოისმინეს და მათგან სამი გამარჯვებული გამოავლინეს. ჟიურის წევრებს შორის უნივერსიტეტის რექტორი ვლადიმერ პაპავა, „თი-ბი-სი” ბანკის საგარეო ურთიერთობებისა და მედიაკომუნიკაციების დირექტორი თამარ კირვალიძე, ელექტრონული წიგნების სახლ “საბას” დირექტორი ირინა ჯავახაძე, “საბას” პროექტის ხელმძღვანელი მაიკო ძირკველიშვილი, „ჯეოსელის” მედიასთან ურთიერთობის ექსპერტი თაკო როდონაია და ინტერნეტჟურნალ „მარკეტერის” დამფუძნებელი აკო ახალაია იყვნენ.
ცნობისთვის, თსუ-ს სტუდენტური კონკურსი „მისია 2015″ მარკეტინგსა და პიარში უნივერსიტეტის ყოველწლიური პროექტია, რომელსაც უნივერსიტეტი და წარმატებული ქართული ბრენდი ერთობლივად ახორციელებენ. 2015 წელს პროექტი “თი-ბი-სი” ბანკთან ერთად ჩატარდა და თსუ-ს სტუდენტებმა მარკეტინგული განვითარების გეგმები (პრეზენტაციები) ელექტრონული წიგნების სახლ „საბაზე” მოამზადეს. ფინალური დავალების შესრულების პროცესში კონკურსანტებისთვის უნივერსიტეტისა და „საბას” წარმომადგენლებმა სპეციალური ტრენინგები და სემინარები ჩაატარეს.
ელექტრონული წიგნების სახლმა „საბამ” ყველა ფინალისტი 50 ელექტრონული წიგნით დააჯილდოვა. “თი-ბი-სი” ბანკმა და უნივერსიტეტმა კი ყველა ფინალისტს, სერტიფიკატებთან ერთად, სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები