განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო „რუსთავი 2“ -ს დეზინფორმაციაში ადანაშაულებს

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მედიით გავრცელებულ ინფორმაციას განცხადებით ეხმიანება. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ის მიერ მომზადებული სიუჟეტი, რომელიც უმაღლესი განათლების შესახებ უკვე დამტკიცებულ კანონს ეხებოდა, დეზინფორმაციას ემსახურებოდა და სიუჯეტში ასახული ფრაზები არასწორი ინტერპრეტაციით იყო გადმოცემული.
„კვირა“ განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„1 თებერვალს „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო გამოშვებაში გავიდა სიუჟეტი უმაღლესი განათლების შესახებ უკვე დამტკიცებულ კანონზე, თუმცა ტელეკომპანიამ წარმოაჩინა იმგვარად, თითქოს აღნიშნულ კანონს, ამჟამად კვლავ კანონპროექტის სახე აქვს. მიღებულ კანონს წამყვანმა კანონპროექტი რამდენჯერმე უწოდა. ასევე დეზინფორმაციას წარმოადგენდა სიუჟეტში გაჟღერებული ფრაზა, თითქოს კანონი აკადემიური პერსონალის ტესტირებას ითვალისწინებს. რეალურად, კანონში გამოყენებულია ტერმინი „ატესტაცია“ და არა „ტესტირება“ (იხ. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 2-ე მუხლის გ1 პუნქტი).
ეს ნიშნავს, რომ სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების თანამშრომლები ატესტაციას გაივლიან კონკურსის ნაცვლად, იმისათვის რომ კანონმდებლობის შესაბამისად დაიკავონ თანამდებობები (იხ. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 372-ე მუხლი).
ხოლო საუნივერსიტეტო სივრცეში ატესტაცია შეეხება პროფესორს, რომელიც იგივე საკანონმდებლო ცვლილებებით, მუდმივ პოზიციას დაიკავებს (იხ. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლი).
კანონის თანახმად, ატესტაცია 5 წელიწადში ერთხელ არჩევნების ნაცვლად ჩატარდება, რომლის კრიტერიუმებს თავად უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება დაამტკიცებს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ აუცილებლად ჩათვალა ინფორმაციის დაზუსტება, რადგან აღნიშნულმა სიუჟეტმა მოახდინა ისეთი კითხვების პროვოცირება, რომელსაც აღნიშნულ კანონთან არავითარი კავშირი არ აქვს“, – აცხადებენ სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები