ქართველი ასტროფოტოგრაფის სურათი დღის ფოტოდ გამოაცხადეს
ქართველი ასტროფოტოგრაფის, ლევან ვერძეულის მიერ გადაღებული „ირმის ნახტომის“, ანუ ჩვენი გალაქტიკის ფოტო ასტროფოტოგრაფების საიტმა დღის ფოტოდ გამოაცხადა.
ფოტოსურათი ვერძეულმა კახეთში, საგარეჯოს მახლობლად გადაიღო. ასტროფოტოგრაფების ვებგვერდმა ეს ფოტო 4 თებერვლის საუკეთესო ფოტოსურათად გამოაცხადა და ის მსოფლიოს ერთ–ერთი პოპულარული საიტის მთავარ გვერდზე გამოაქვეყნა.
ლევან ვერძეული პროფესიით ფინანსისტია და „საქართველოს ბანკში“ საერთაშორისო კვლევების მენეჯერად მუშაობს. ის მეორე ქართველია დავით დვალის შემდეგ, რომლის ფოტოსურათიც ამ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
როგორც ასტროფოტოგრაფების ვებგვერდის ადმინისტრაცია წერს, ლევან ვერძეული ძალზე გაკვირვებული იყო, რომ მისი ფოტოსურათი დღის ფოტოდ დასახელდა და ასეთ პოპულარულ გამოცემაში დაიბეჭდა. ასტროფოტოგრაფების გაერთიანება ულოცავს ლევან ვერძეულს ამ წარმატებას და მას ძირითად საქმიანობაშიც და ჰობიშიც მომავალში წარმატებებს უსურვებს.