გაზეთის „საქართველოს დემოგრაფია“ პრეზენტაცია გაიმართა

დღეს ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიმართა „საქართველოს დემოგრაფიული აღორძინების ფონდის“ მიერ დაფუძნებული გაზეთის პრეზენტაცია. გაზეთის სახელწოდებაა „საქართველოს დემოგრაფია“, რომელიც სრულად ასახავს საქართველოში არსებულ დემოგრაფიულ მდგომარეობას, პრობლემებს, უკვე განხორციელებულ თუ დაგეგმილ ღონისძიებებს დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით.
პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდნენ: პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე და დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი, რომლებიც ასევე არიან ფონდის დამფუძნებლებიც.
დემოგრაფიული აღორძინების ფონდის თავმჯდომარის თამარ ჩიბურდანიძის განმარტებით, გაზეთი გამოდის თვეში ერთხელ, ყოველი თვის 15 რიცხვში ამჟამად 5000 ტირაჟით.
„გაზეთი დაფუძნდა და პირველი ნომერი გამოვიდა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მხარდაჭერით. გაზეთის შემდგომი ნომრები გამოვა ასევე სხვა უნივერსიტეტების და ორგანიზაციების მხარდაჭერით. გაზეთი გამოდის თვეში ერთხელ, ყოველი თვის 15 რიცხვში, ამჟამად 5000 ტირაჟით, ხოლო შემდგომში უფრო მეტით. ჩვენი მიზანია მოსახლეობის ინფორმირება საქართველოში არსებული დემოგრაფიული მდგომარეობის შესახებ. გაზეთი მიეწოდება ყველა თვითმმართველ ორგანოს, სამთავრობო სტრუქტურებს, უნივერსიტეტებს, რესურსცენტრებს, კლინიკებს, განსაკუთრებით სამშობიარო სახლებს და სხვა კერძო ორგანიზაციებს.11178658_1622227301348365_1082564527_n
გაზეთის პირველი ნომერი ვრცელდება უფასოდ, ხოლო შემდგომი იქნება გაყიდვაში. გვიხარია, რომ გაზეთს დიდი დაინტერესება მოჰყვა და უკვე გაჩნდა მოთხოვნა გამოწერებზე. მსურს გარკვევით აღვნიშნო, რომ ჩვენ არ გვაქვს კომერციული დაინტერესება, გვსურდა გაზეთი უფასოდ გაგვევრცელებინა ბოლომდე, მაგრამ ფინანსურ პრობლემებს წავაწყდით. რაც შეეხება თემატურ დატვირთვას, გაზეთში სრულად ავსახავთ არსებულ პრობლემებს, უკვე განხორციელებულ და დაგეგმილ ღონისძიებებს. გაზეთში გვაქვს ექსკლუზიური მასალები საქართველოს რეგიონების დემოგრაფიულ მაჩვენებლებზე, ცნობილი დემოგრაფის ანზორ თოთაძის კვლევების მიხედვით.
ასევე გვაქვს აქტიური ურთიერთობა ჩვენს ემიგრანტებთან, ახალგაზრდებთან, გვაქვს რუბრიკები თითქმის ყველა მიმართულებით. გაზეთთან ერთად ჩვენი ფონდი გეგმავს სატელევიზიო გადაცემის მომზადებას ერთ-ერთ წამყვან ტელევიზიაში. ჩვენი მიზანია სრული საინფორმაციო წვდომა ჰქონდეს მოსახლეობას არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით. თემის პოპულარიზაციას უდიდესი წილი აქვს ამ პრობლემების მოგვარების საკითხში. ამის მაგალითია ევროპული სახელმწიფოები. თუკი თითოეული მოქალაქე კარგად გაიაზრებს ამ პრობლემის არსს და ქვეყნის ხელისუფლება სწორად ჩამოაყალიბებს გრძელვადიან სახელმწიფო დემოგრაფიულ პროგრამას, შევძლებთ საქართველოს გენოფონდის გადარჩენას“,- განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები