მსოფლიოში პირველად – ჩინეთში ადამიანს ღორის ღვიძლი და ორი თირკმელი ერთდროულად გადაუნერგეს

ჩინელმა ექიმებმა მსოფლიოში პირველად ერთდროულად გადაუნერგეს ადამიანს გენეტიკურად მოდიფიცირებული ღორის ღვიძლი და თირკმელები. ექსპერიმენტული ოპერაცია ქალაქ სიანში მდებარე სამხედრო სამედიცინო უნივერსიტეტის ექიმებმა ჩაატარეს.

მედიის ინფორმაციით, ორგანოები 53 წლის ტვინით გარდაცვლილ პაციენტს გადაუნერგეს, რომლის ოჯახმაც სამეცნიერო კვლევაში მონაწილეობაზე თანხმობა განაცხადა.

ექიმების განცხადებით, გადანერგილი ორგანოები ოპერაციის შემდეგ წარმატებით ამოქმედდა და დაკვირვების პერიოდში ფუნქციონირებას განაგრძობდა.

მეცნიერების თქმით, ექსპერიმენტის მთავარი მიზანი იყო იმის შეფასება, შეძლებდნენ თუ არა გენეტიკურად მოდიფიცირებული ღორის ორგანოები ადამიანის ორგანიზმში ერთდროულად ფუნქციონირებას.

სპეციალისტების განმარტებით, ღვიძლი და თირკმელები სიცოცხლისთვის უმნიშვნელოვანეს ორგანოებს წარმოადგენს, ამიტომ მათი წარმატებული მუშაობა ქსენოტრანსპლანტაციის მიმართულებით მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევა.

ქსენოტრანსპლანტაცია გულისხმობს ცხოველის ორგანოების ადამიანის ორგანიზმში გადანერგვას. ბოლო წლებში ამ სფეროში არაერთი ექსპერიმენტი ჩატარდა, მათ შორის ღორის გულისა და თირკმლების გადანერგვა, თუმცა ღვიძლისა და თირკმლების ერთდროული გადანერგვა პირველად განხორციელდა.

მკვლევართა შეფასებით, მსგავსი ტექნოლოგიების განვითარება მომავალში შესაძლოა ორგანოთა დეფიციტის პრობლემის შემცირებას დაეხმაროს. ამჟამად მსოფლიოში ათასობით პაციენტი ელოდება დონორის ორგანოს, რის გამოც მეცნიერები ალტერნატიული წყაროების მოძიებაზე აქტიურად მუშაობენ.

სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ მიუხედავად მიღწეული შედეგისა, ქსენოტრანსპლანტაცია ჯერ კიდევ ექსპერიმენტულ ეტაპზე რჩება და მისი უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის სრულად დასადასტურებლად დამატებითი კვლევებია საჭირო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები