2026 წლის I კვარტალში, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 271.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2025 წლის I კვარტალის წინასწარ მონაცემებზე 47.7%-ით მეტია
2026 წლის I კვარტალში, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 271.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2025 წლის I კვარტალის წინასწარ მონაცემებზე 47.7%-ით მეტია. ამის შესახებ “საქსტატის” ინფორმაციაშია აღნიშნული.
მათივე ცნობით, ზრდა განპირობებულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ორი კომპონენტის: სააქციო კაპიტალის და სავალო ვალდებულებების მაჩვენებლის გაზრდით.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ამ პერიოდში FDI-ში ნახევარზე მეტი რეინვესტირებაზე მოდიოდა.
“სააქციო კაპიტალმა 101.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 37.5%-ია. რეინვესტიციამ 145.8 მლნ დოლარი შეადგინა და მისი წილი 53.8 %-ით განისაზღვრა, ხოლო სავალო ვალდებულებებმა 23.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. ის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 8.8%-ია”, – აღნიშნულია საქსტატის ინფორმაციაში.
FDI-ს სტატისტიკა ქვეყნების მიხედვით ასე გამოიყურება: I კვარტალში პირველ ადგილზეა გაერთიანებული სამეფო 52.4 მლნ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 19.3%-ს შეადგენს, მეორე ადგილზე იმყოფება აშშ 47.5 მლნ. აშშ დოლარით (17.5%), ხოლო მესამეზე ნიდერლანდები – 29.2 მლნ. აშშ დოლარით (10.8%). სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილი ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 47.6 პროცენტს შეადგენს.
ამ პერიოდში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში განხორციელდა და 125.1 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია (46.1%). მეორე ადგილზე უძრავი ქონების სექტორია 48.8 მლნ. აშშ დოლარით (18%), ხოლო მესამეზე – ინფორმაციის და კომუნიკაციის სექტორი 37.2 მლნ აშშ დოლარით (13.7%). სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 77.8% შეადგინა