კახა კალაძე: ბიძინა ივანიშვილის როლი განსაკუთრებულია ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში – მისი მონაწილეობითა და გადაწყვეტილებებით მოვახერხეთ გრძელვადიანი მშვიდობის შენარჩუნება
თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის უახლეს ისტორიაში მნიშვნელოვანი ფიგურაა და ის შეტევა, რომელიც მის წინააღმდეგ ხორციელდება, წლების განმავლობაში გრძელდება.
ამის შესახებ მან პრემიერ-მინისტრის ბრიფინგთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ ქართულ სახელმწიფოზე შეტევა 2012 წლიდან დაიწყო.
„ქვეყანას რომ ებრძვიან, მემგონი ამას ხედავს საზოგადოება. ეს არ დაწყებულა გუშინ. 2012 წლიდან მოყოლებული მიდის პირდაპირი შეტევა ქართულ სახელმწიფოზე, ბიძინა ივანიშვილზე, მის ოჯახზე. გადახედეთ, რა განცხადებები კეთდება. თუნდაც სანქციებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ სიცრუეზე, ტყუილზე იყო დაფუძნებული. შანტაჟი დღესაც გრძელდება ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბიძინა ივანიშვილის როლი განსაკუთრებულია ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში. ჯერ დავიწყოთ 2012 წლის პირველი ოქტომბრით. ამ ადამიანმა გადადგა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, როდესაც პოლიტიკაში მოსვლასთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება. სრულიად საქართველო გაერთიანდა მის ირგვლივ და არჩევნებით დამარცხდა ის სისხლიანი რეჟიმი, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ წარმოადგენდა. დროთა განმავლობაში, ხალხმა დაინახა, რომ ეს არ იყო მხოლოდ „ნაციონალური მოძღაობა“. ეს იყო ძალა, რომელიც იმართებოდა გარედან, გარე აქტორების ჩართულობით, მათი უაშუალო დავალებებით. თუ რაიმე სიბინძურე, საშინელება შეიძლება იკადროს ადამიანმა, ყველაფერი გააკეთეს და აკადრეს ქართველ ხალს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ბიძინა ივანიშვილის უშუალო ჩართულობით დამაცხდა, რის შემდეგაც ქვეყანა დაუბრუნდა დემოკრატიული განვითარების გზას.
„ბიძინა ივანიშვილის ჩართულობით, ჩვენ მშვიდობიანად დავამაცხეთ ეს ძალა. ხედავთ, რომ ქვეყანად დაუბრუნდა დემოკრატიული განვითარების გზას. ქვეყანაში დაცულია სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება. ისე, როგორც არასდროს, განმტკიცებულია სუვერენიტეტი, ვიცავთ ქვეყნის დამოუკიდებლობას. ეს ცხადია, მარტივი არ არის. შეიძლება ვიღაცამ იფიქროს, რომ მარტივად ხდება ეს ყველაფერი, მაგრამ ძალიან დიდი შემოტევები და ზეწოლა მიდის, რომელიც დღესაც გრძელდება. ხედავთ, თუ რა ტიპის განცხადებები კეთდება სხვადასხვა მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან და როგორია შემოტევა, თუმცა დღეს საზოგადოებამ ისიც ძალიან კარგად იცის, რატომ აქვთ ამხელა ინტერესი, რა დგას ამ ყველაფრის უკან, რა მოწოდებები კეთდებოდა და რას გვეუბნებოდნენ კაბინეტებში. ბიძინა ივანიშვილის როლი განსაკუთრებულია იმაში, რომ მისი მონაწილეობით, გადაწყვეტილებებით მოვახერხეთ გრძელვადიანი მშვიდობის შენარჩუნება. ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანია ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
კითხვაზე – რა არის მმართველი გუნდის წინააღმდეგ შეტევების მიზანი, კახა კალაძე პასუხობს, რომ პოლიტიკურ ოპონენტებს სურთ, ქვეყანას თავად მართავდნენ და შემდეგ ის საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენონ.
„მიზანი არის ის, რომ თავად მართავდნენ საქართველოს, შემდეგ კი ის გამოიყენონ სხვადასხვა ქმედებებში. პირდაპირი მოწოდებები კეთდებოდა ომში ჩართულობასთან დაკავშირებით. იმ პოლიტიკას და საგარეო პოლიტიკურ კურსს, რომელსაც დღეს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ახორციელებს, დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე ყველა პატარა სახელმწიფო გააგრძელებს, თუმცა ჩვენ ნუ გვექნება იმის ილუზია და მოლოდინი, რომ შემდეგ ვიღაცები გამოვლენ და ბოდიშს მოიხდიან იმ კრიტიკის გამო, რომელიც დღეს საქართველოსთან დაკავშირებით ხდება. ეს ასე არ მოხდება. უფრო მეტიც, მათ ვერ წარმოუდგენიათ, რომ საქართველოს მსგავსმა პატარა ქვეყანამ, როგორ გაბედა და დაიცვა ღირსება, ქვეყნის სუვერენიტეტი ჩვენი პრინციპული პოზიციით. ეს არის მათთვის სერიოზული პრობლემა და გამოწვევა ვიდრე ის, რომ ომში ჩავრთულიყავით და მშვიდობიანი, უდანაშაულო ხალხი დაგვეხოცა. ეს არის სამწუხარო რეალობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.