ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე – კონსტიტუციური წესრიგი ფეხქვეშ გათელეს, ეს ეხებოდა ადამიანის უფლებებს, მედიის თავისუფლებას, ბიზნესის რეკეტს, ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტი ჩააბარეს რუსეთის ფედერაციას და იგივე შეიძლება ითქვას მათ ოპოზიციურ საქმიანობაზე, თუ დემოკრატიას უპირისპირდები, რა გინდა იმ დემოკრატიაში და ზუსტად ამას ეფუძნება კონსტიტუციური სარჩელი, რომელიც შეტანილია საკონსტიტუციო სასამართლოში

სამართალში მოქმედებს ასეთი კონცეფცია, ეს არის თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის კონცეფცია, რაც ნიშნავს იმას, რომ თუ კონკრეტული ძალები პირდაპირ უპირისპირდებიან დემოკრატიის იდეას, მათი ადგილი ამ დემოკრატიულ სისტემაში ვერ იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დემოკრატიას თუ უპირისპირდები, რა გინდა იმ დემოკრატიაში და ზუსტად ამას ეფუძნება კონსტიტუციური სარჩელი, რომელიც შეტანილია საკონსტიტუციო სასამართლოში.

„მინდა, გავიხსენო ერთ-ერთი ელჩი, თუ არ ვცდები დეგნანი, გამოვიდა და ასეთი ფრთიანი ფრაზა თქვა, რომ დემოკრატიები პარტიებს არ კრძალავენ, ასეთი საოცრება თქვა. ესეც მორიგი არასერიოზული. რაღაცები არის, რაც მათემატიკური სიზუსტით დგინდება. როდესაც აშშ-ის საელჩო ქარდით გეუბნება, რომ დემოკრატიები პარტიებს არ კრძალავენ, ყველა დემოკრატიულ ქვეყანას აქვს კონსტიტუციური ჩანაწერი, სადაც მითითებულია, რომ პარტია თუ თავის შინაარსით არის არაკონსტიტუციური, შეიძლება და უნდა აიკრძალოს. ასეთ დროს აშშ-ის საელჩო ყოფილი ადმინისტრაციის ქვეშ, გამოდის და ასეთ არასერიოზულ განცხადებას აკეთებს. ამას მოყვა რა, გავიხსენოთ, რა მოხდა უკრაინაში და მოლდოვაში, უამრავი პარტია აიკრძალა, მათ შორის მოლდოვაში აიკრძალა ერთ-ერთი პარტია, რომელიც იყო წამყვანი ოპოზიციური ძალა, უკრაინაში აიკრძალა უამრავი პარტია, 12 პოლიტიკური პარტია ერთბაშად. მერე ამაზე არავითარი განცხადება არ გაუკეთებია აშშ-ის საელჩოს წინა ადმინისტრაციის პირობებში. არავითარი განცხადება, რომ დემოკრატიებიც თურმე კრძალავენ პარტიებს.

სამართალში მოქმედებს ასეთი კონცეფცია, ეს არის თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის კონცეფცია, რაც ნიშნავს იმას, რომ თუ კონკრეტული ძალები პირდაპირ უპირისპირდებიან დემოკრატიის იდეას, მათი ადგილი ამ დემოკრატიულ სისტემაში ვერ იქნება. თუ დემოკრატიას უპირისპირდები, რა გინდა იმ დემოკრატიაში. ზუსტად ამას ეფუძნება კონსტიტუციური სარჩელი, რომელიც ჩვენ შევიტანეთ საკონსტიტუციო სასამართლოში. თან აქ არის საინტერესო მოცემულობა, არის ორ მხარე არსებითად, ეს არის „ქართული ოცნება”, მმართველი პარტია და მეორე მხარეს არიან ეს პარტიები, ეს 4 პარტია აცხადებს, რომ ჩვენ ვართ არალეგიტიმური როგორც საშინაო, ისე საგარეო კუთხით. საშინაო პოლიტიკური კუთხით იგულისხმება ის, რომ ისინი არ აღიარებენ არჩევნებსაც, აცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბდა და უამრავი სხვა რამ. რაც შეეხება საგარეო პოლიტიკურ ლეგიტიმაციას, ისინი აცხადებენ რომ ჩვენ ვართ არათუ პრორუსული და ა.შ. ჩვენ ვართ რუსული ძალა, გარედან ვიმართებით, ანუ ერთი მხარე როდესაც მეორეს უწოდებს არაკონსტიტუციურს, არალეგიტიმურს, ასეთ დროს უნდა გაირკვეს ან ერთია არაკონსტიტუციური, ან მეორე. ჩვენ მიგვაჩნია, რომ სწორედ ისინი არიან არაკონსტიტუციურები, რაც ბევრი რამით დაადასტურეს მათ შორის იმით, რასაც აკეთებდნენ 2004-2012 წლებში”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, კონსტიტუციური წესრიგი თავიდან ბოლომდე ფეხქვეშ გათელეს, ეს ეხებოდა ადამიანის უფლებებს, მედიის თავისუფლებას, ბიზნესის რეკეტი, ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტი ჩააბარეს რუსეთის ფედერაციას და იგივე შეიძლება ითქვას, მათ ოპოზიციურ საქმიანობაზე.

„ისინი ზედიზედ მეორედ არ აღიარებენ საპარლამენტო არჩევნების შედეგებს. ამაზე მეტი საბოტაჟი დემოკრატიული სისტემის მიმართ, არ არსებობს. ასეთ დროს ერთხელ და სამუდამოდ ვიღაცამ უნდა გაარკვიოს ვინ არის სინამდვილეში, რომელი მხარე ამ ორიდან არაკონსტიტუციური, მმართველი პარტია თუ ეს ოთხი ოპოზიციური პარტია. ჩვენ მიგვაჩნია, რომ არაკონსტიტუციურია თავის შინაარსით ეს ოთხი პოლიტიკური პარტია, ამაზე იმსჯელებს საკონსტიტუციო სასამართლო. არათუ ლეგიტიმური იქნება ასეთი განვითარების პირობებში 2028 წლის ოქტომბრის არჩევნები, არამედ ბევრად უფრო ჯანსაღ დემოკრატიულ სისტემას დაუდებს ასეთი არჩევნები საფუძველს, რადგან ჩვენი ქვეყანა გათავისუფლდება ჩაკეტილი წრიდან. რასაც თავი ვერ დააღწია ქვეყანამ ამდენი წლის განმავლობაში. თავი ვერ დააღწია მათ შორის უხეში გარე ჩარევების გამო”, – აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები