„ვიზალიბერალიზაცია საქართველომ მიიღო დამსახურებით და არა ავანსად და იმის გამო, რომ ქვეყანას შეღავათი გაუწიეს და ვიზალიბერალიზაცია მისცეს” – მაჭარაშვილი

“ვიზალიბერალიზაცია, ისევე – როგორც არც ერთი სხვა მექანიზმი, ფოჩიანი კანფეტი არ არის, რომ ვინმეს ან მისცე ან არა – ვინმეს თუ ჰგონია, რომ სულხან-საბა ორბელიანი იმიტომ ჩავიდა ევროპაში, რომ იქიდან მერე კაცების ქორწინება წამოეღო საქართველოში, ძალიან ცდება”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის” დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მან უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით 11 ივნისს დაგეგმილ, ევროკავშირ-საქართველოს დიალოგზე ისაუბრა.

„ვიზალიბერალიზაცია საქართველომ მიიღო დამსახურებით და არა ავანსად და იმის გამო, რომ ქვეყანას შეღავათი გაუწიეს და ვიზალიბერალიზაცია მისცეს.

ვიზალიბერალიზაციის გაუქმებისთვის არანაირი ტექნიკური მიზეზი, მათ შორის სამართლებრივი, არ არსებობს, მაგრამ არსებობს პოლიტიკური ფაქტორები. ახლა ისევე როგორც კანდიდატის სტატუსი, ვიზალიბერალიზაცია ევრობიუროკრატიას აქვს სავაჭრო საგნად გადაქცეული. შემდეგ მათი აქაური წარმომადგენლობა – „ნაცმოძრაობისა” და მათი „ენჯეოების” სახით ნარატივს მისდევენ, რომ თითქოს საქართველოში რამე ანტიევროპული მოძრაობაა. ყველამ დაინახა, რომ ანტიევროპული მოძრაობა არ არის – აქ არის ქრისტიანულ ღირებულებაზე დაფუძნებული ღირებულებები – როგორც ქართული, ასევე ევროპული.

ვიზალიბერალიზაცია, ისევე როგორც არც ერთი სხვა მექანიზმი, ფოჩიანი კანფეტი არ არის, რომ ვინმეს ან მისცე ან არა. ეს არის ურთიერთობებზე დაფუძნებული ღირებულება. ნუ აუჩემებია „ნაცმოძრაობას” და მის წარმომადგენლობას, რომ ზოგადად ქართველი ხალხის ევროპული ღირებულება თითქოს დგას იმაზე, რასაც დღეს ევროკავშირი ატარებს – ასე არ არის!

ვინმეს თუ გონია, რომ სულხან-საბა ორბელიანი იმიტომ ჩავიდა ევროპაში, რომ იქიდან მერე კაცების ქორწინება წამოეღო საქართველოში, ძალიან ცდება. ან სუვერენიტეტი უნდა დაეთმო სულხან-საბა ორბელიანს, რომ წაიღეთ ჩვენი სუვერენიტეტი, ოღონდ ევროპის წევრი გავხდეთო. წაიკითხონ – მართალია, არ უყვართ წიგნის კითხვა, მაგრამ წაიკითხონ, რისთვის ჩადიოდნენ იქ ჩვენი წინაპრები.

ჩადიოდნენ იმიტომ, რომ ევროპული ღირებულება არის ქრისტიანულ კულტურაზე დაფუძნებული ღირებულება და საქართველო არის ქრისტიანულ კულტურაზე დაფუძნებული ღირებულების მქონე ქვეყანა. აქედან გამომდინარეა, როცა ვამბობთ, რომ ევროპული ოჯახის წევრი არის სახელმწიფო და არა იმის გამო, რომ ტერიტორიულად შეიძლება არ იყო იქ ევროპა ან იყო”, – აღნიშნა მაჭარაშვილმა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები