პრემიერი – ქვეყნის მართვა აუცილებლად გაგრძელდება საქართველოს კონსტიტუციის პატივისცემით და იმ პრინციპების საფუძველზე, რომლებიც ქართულ პოლიტიკაში 2012 წელს ბიძინა ივანიშვილმა დაამკვიდრა, ქართულ პოლიტიკაში ამ პრინციპების მტკიცედ დაცვასა და განმტკიცებაში ბიძინა ივანიშვილის როლი იყო, არის და მომავალშიც იქნება განსაკუთრებული და ფასდაუდებელი
ბიძინა ივანიშვილს ებრძვიან გარე ძალები და მათი ადგილობრივი აგენტურა, რომლებსაც საქართველოს ხელახლა მისაკუთრების სურვილი ამოძრავებთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მათ აქვთ დაუოკებელი სურვილი, ქვეყანა დააბრუნონ იმ რეალობაში, რომელიც 2012 წელს სწორედ ბიძინა ივანიშვილმა შეცვალა.
„ეს იყო უცხოური აგენტურის მმართველობა, რომელმაც საქართველოს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ტოტალური ხელყოფა, ბიზნესის რეკეტი, მედიის თავისუფლების გაუქმება, ომი, ნგრევა და ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაცია მოუტანა.
არანაკლებ მძიმეა უცხოური აგენტურის მმართველობის შედეგები ევროპის ქვეყნებშიც, სადაც დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, სიტყვისა და მედიის თავისუფლების დაკნინების, ეროვნული და რელიგიური იდენტობის დასუსტებისა და ეკონომიკური სტაგნაციის მთავარი მიზეზი სწორედ სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის დაკარგვაა. ერთ დროს სამაგალითო ევროპულ ქვეყნებში დღეს უმძიმესი ტენდენციებია, რაც სწორედ იმის შედეგია, რომ მათი ხელისუფლებები არა საკუთარ ხალხებს, არამედ გარე ძალებს ემსახურებიან. ბიძინა ივანიშვილის მიმართ აგრესიის მთავარი მიზეზიც სწორედ ამას უკავშირდება – მან ქართველი ხალხი გაათავისუფლა აგენტოკრატიისგან და მას დაუბრუნა ის, რაც ეკუთვნოდა – დემოკრატია და არჩევნების უფლება.
დასასრულს, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ იმას, რაც არაერთხელ მითქვამს. ის, რომ დღეს საქართველო ინარჩუნებს 14-წლიან უწყვეტ მშვიდობას, ქვეყანა არის დამოუკიდებელი და სუვერენული როგორც არასდროს, ქვეყანას აქვს ძლიერი დემოკრატიული სისტემა და სახელმწიფო ინსტიტუტები, ადამიანზე ზრუნვა სახელმწიფოს მთავარი სახელმძღვანელო პრინციპია და საქართველოს ეკონომიკა სწრაფი ტემპით იზრდება, პირველ რიგში, არის სწორედ ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურება.
შესაბამისად, ქვეყნის მართვა აუცილებლად გაგრძელდება საქართველოს კონსტიტუციის პატივისცემით და იმ პრინციპების საფუძველზე, რომლებიც ქართულ პოლიტიკაში 2012 წელს ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა დაამკვიდრა. ქართულ პოლიტიკაში ამ პრინციპების მტკიცედ დაცვასა და განმტკიცებაში ბიძინა ივანიშვილის როლი იყო, არის და მომავალშიც იქნება განსაკუთრებული და ფასდაუდებელი”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.