პრემიერი – ბიძინა ივანიშვილს ხალხის ნდობით საკუთარი პირადი ინტერესებისათვის არასოდეს უსარგებლია, ვერავინ მოიტანს ვერცერთ ფაქტს, რომ ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან რაიმე პირადი სარგებელი მიიღო, იმის დამადასტურებელი ფაქტი კი, რომ მან ქვეყნის ინტერესებისათვის საკუთარი პირადი გაიღო, უამრავია
ბატონ ბიძინა ივანიშვილს ხალხის ნდობით საკუთარი პირადი ინტერესებისათვის არასოდეს უსარგებლია. ვერავინ მოიტანს ვერცერთ ფაქტს იმასთან დაკავშირებით, რომ ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან რაიმე პირადი სარგებელი მიიღო. იმის დამადასტურებელი ფაქტი კი, რომ მან ქვეყნის ინტერესებისათვის საკუთარი პირადი გაიღო, უამრავია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულება კორუფციის მიმართ უკომპრომისოა.
„მინდა შეგახსენოთ, რომ ბოლოს მას პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილება კორუფციასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა მიაღებინა. 2023 წლის დეკემბერში, პარტიის ყრილობაზე გამოსვლისას, მან გააკეთა მკაფიო მინიშნება კორუფციის პრობლემის შესახებ და სწორედ მისმა პოლიტიკაში დაბრუნებამ გახადა შესაძლებელი, სწრაფად გვემოქმედა კორუფციის წინააღმდეგ, რომელიც მმართველობის ზედა დონეზე დღეს უკვე სრულად არის აღმოფხვრილი.
პოლიტიკაში უამრავია შემთხვევა, როდესაც პოლიტიკოსებს ქვეყნის სიკეთე სახლში მიაქვს. ბიძინა ივანიშვილი კი ამის სრულიად საპირისპირო მაგალითია, რაც მან როგორც მრავალმილიარდიანი მეცენატური საქმიანობით, ისე პოლიტიკური ქველმოქმედებით მყარად დაამტკიცა. ყველას კარგად მოეხსენება, რომ ქვეყნის ინტერესების პრინციპულად დაცვის გამო, მის მიმართ ამოქმედდა ჯერ დე ფაქტო, ხოლო შემდეგ – დე იურე სანქციები, რომლებიც მის ოჯახსაც დიდ უხერხულობას უქმნის. თუმცა, ვერცერთმა სანქციამ ვერ აიძულა ვერც ის და ვერც მისი ოჯახი, ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ თუნდაც ერთი ნაბიჯი გადაედგათ. ესეც არის უანგარო პატრიოტიზმის კიდევ ერთი მკაფიო მაგალითი, რომელიც მუდმივად თან სდევს ბიძინა ივანიშვილის სახელმწიფოებრივ მოღვაწეობას”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.