ავღანეთში მთავრობის წარმომადგენლებისა და საჯარო მოხელეებისთვის სმარტფონების გამოყენება აიკრძალა.
შესაბამისი ბრძანება თალიბანის მოძრაობის ლიდერმა, ჰიბატულა ახუნძადამ გასცა.
გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, შეზღუდვები ვრცელდება როგორც მოძრაობის წევრებზე, ასევე სამთავრობო უწყებების თანამშრომლებზე. დოკუმენტში ნათქვამია, რომ აკრძალვის დამრღვევებს სამხედრო სასამართლოები დასჯიან. თუმცა, კონკრეტული სასჯელები არ არის მითითებული.
ახალი რეგულაციების დაცვის უზრუნველსაყოფად, სამხედრო სასამართლოს პერსონალს დაევალა საჯარო მოხელეების ზედამხედველობა. ამ მიზნით შეიქმნა სპეციალური რეესტრი, რომელიც მოიცავს ინფორმაციას ბრძანებით გათვალისწინებული პირების თანამდებობების, სამუშაო ადგილების, მობილური ტელეფონის პროვაიდერებისა და ტელეფონის ნომრების შესახებ.
აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყანაში თანამედროვე საკომუნიკაციო მოწყობილობების გამოყენების შეზღუდვის პოლიტიკის გაგრძელებად ითვლება. სმარტფონების გამოყენებაზე აკრძალვა ავღანეთის სკოლებსა და მედრესეებში ადრეც იყო დაწესებული.