ქარელის მუნიციპალიტეტში 3240 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე წყლის მიწოდება გაუმჯობესდა
შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა გიგლა თამაზაშვილმა ქარელის მუნიციპალიტეტში სკრა-ქარელის მაგისტრალურ არხზე განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში სკრა-ქარელის მაგისტრალური არხის დაახლოებით 11-კილომეტრიან მონაკვეთზე განხორციელდა გაწმენდითი და სარეაბილიტაციო სამუშაოები. არხი გაიწმინდა დანალექი გრუნტისაგან და ეკალ-ბარდისაგან, დაზიანებული ფილები ჩანაცვლდა ახალი ფილებითა და მონოლითური ბეტონით, ასევე, მოეწყო ბორდიურები.
რეაბილიტაცია ჩაუტარდა ძამის დიუკერსაც, აღდგა დაზიანებული მონაკვეთები და მოეწყო სხვადასხვა ტიპური ჰიდროტექნიკური ნაგებობები.
პროექტი, რომლის ღირებულება 5.3 მლნ. ლარია, მიმდინარე წლის მაისში დასრულდა. ჩატარებული სამუშაოების შედეგად, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა სკრა-ქარელის მაგისტრალური არხის ტექნიკური მდგომარეობა _ გაიზარდა სარწყავი წყლის გამტარუნარიანობა და 3240 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე წყლის მიწოდება გაუმჯობესდა.