მაკა ბოჭორიშვილი სამმხრივ მინისტერიალთან დაკავშირებით: „ეს არის კარგი შესაძლებლობა, რომ შევაფასოთ ჩვენი სამმხრივი თანამშრომლობა, რაც მნიშვნელოვანია სამივე ქვეყნისთვის და არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნებისთვის, არამედ ფართო რეგიონისთვის”

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას სტამბოლში გამართული საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების მე-10 სამმხრივი შეხვედრა შეაჯამა და თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ორმხრივი შეხვედრების შედეგებზე ისაუბრა.

„მინისტერიალი უკვე მეათედ ჩატარდა საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფორმატში. ეს არის კარგი შესაძლებლობა, რომ შევაფასოთ ჩვენი სამმხრივი თანამშრომლობა, რაც მნიშვნელოვანია სამივე ქვეყნისთვის და არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნებისთვის, არამედ ფართო რეგიონისთვის, და განვიხილოთ როგორც უკვე განხორციელებული წარმატებული პროექტები, ისე სამომავლო გეგმები, რომლებიც კიდევ უფრო გააძლიერებს სამი ქვეყნის როლს რეგიონული დაკავშირებადობის მიმართულებით,” – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

მისი თქმით, შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული პროექტები.

„ჩვენ განვიხილეთ ის პროექტები, რაც ათწლეულების განმავლობაში უკვე განხორციელდა და წარმატებულად ხორციელდება დღესაც. ასევე, ვიმსჯელეთ სამომავლო გეგმებზე, თუ როგორ შეიძლება განვავითაროთ თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით, იმისათვის რომ სამი ქვეყნის როლი, განსაკუთრებით დაკავშირებადობის კონტექსტში, უკეთ იყოს წარმოჩენილი და განხორციელებული. არსებობს მთელი რიგი იდეები, მთელი რიგი პროექტები, რასაც სჭირდება ჩვენი ყოველდღიური მუშაობა, თანამშრომლობა. შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ პოზიტიური დინამიკით და პოზიტიურად ჩატარდა დღევანდელი შეხვედრა და კარგი განხილვები გვქონდა ამ საკითხებთან დაკავშირებით,” – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ვიცე-პრემიერის განცხადებით, შეხვედრის შედეგები აისახა სტამბოლის დეკლარაციაში, რომელიც ასახავს მხარეების საერთო ხედვებსა და პრიორიტეტებს.

„სტამბოლის დეკლარაცია აჯამებს დღევანდელ ჩვენს შეხვედრას, ეხება ყველა იმ მნიშვნელოვან თემას, რაც ჩვენ განვიხილეთ. იცით, რომ თურქეთიც და აზერბაიჯანიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას უჭერენ მხარს, საქართველოს სუვერენიტეტს პატივს სცემენ, ეს საკითხებიც იყო აღნიშნული დეკლარაციაში. ჩვენ ასევე შევეხეთ სხვადასხვა თემებს, რაც ეხება რეგიონულ განვითარებებს, უფრო ფართო რეგიონს, ზოგადად მდგომარეობას ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, ასევე რუსეთ-უკრაინის კონფლიქტს, ამ კონტექსტში, უსაფრთხოების გარემოს გავლენას ჩვენს რეგიონზე და ჩვენი თანამშრომლობის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გავუსვით ხაზი. ყველა ეს საკითხი ასახულია სტამბოლის დეკლარაციაში. ასევე საუბარია ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რაც სამ ქვეყანას შორის არის განხორციელებული და სამომავლო გეგმებზე, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია,” – განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საერთო მისწრაფება, რომ სამ ქვეყანას შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გაძლიერდეს და კონკრეტულ შედეგებზე იყოს ორიენტირებული.

სამმხრივი შეხვედრის პარალელურად, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ორმხრივი შეხვედრები გამართა თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებთან. მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე განხილულ იქნა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის დღის წესრიგი და ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები.

„თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე ჩვენ ვისაუბრეთ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე. საქართველოსა და თურქეთს შორის ურთიერთობები დინამიურად ვითარდება. თურქეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია საქართველოსთვის. რა თქმა უნდა, საჭიროა, რომ ჩვენ უმაღლეს დონეზე გვქონდეს აზრთა გაცვლა-გამოცვლა იმ საკითხებზე, რაც დგას ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში,” – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა ბოლო პერიოდში ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის ვიზიტებსა და თანამშრომლობაზე.

„საკმაოდ პოზიტიური განხილვები მქონდა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან. ჩვენ ბოლო პერიოდში ვიხილეთ საკმაოდ ინტენსიური, მაღალი დონის კომუნიკაცია აზერბაიჯანთან. ვიზიტით იყო საქართველოში აზერბაიჯანის პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი იმყოფებოდა ბაქოში და მნიშვნელოვანი შეთანხმებები იქნა გაფორმებული. ცოტა ხნის წინ განახლდა სარკინიგზო მიმოსვლაც, რაც ასევე პოზიტიური ნაბიჯი იყო ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებში, განსაკუთრებით, ხალხთა შორის კონტაქტების თვალსაზრისით. ასე რომ, ჩვენ ერთგვარად შევაჯამეთ ორივე ქვეყანასთან ურთიერთობების მდგომარეობა და ასევე ის საკითხები, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ურთიერთობების მომავლისთვის და საერთაშორისო არენაზეც თანამშრომლობის საკითხები,” – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები