მუხიანის აგარაკებზე სანიაღვრე კოლექტორი ეწყობა
გლდანის გამგეობა მუხიანის აგარაკებზე, ცენტრალური სანიაღვრე კოლექტორის მოწყობის პროექტს ახორციელებს.
როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, სამუშაოები ნეკრესის, სვანეთის, ერთობისა და ბორჯომის ქუჩის გარკვეული მონაკვეთის გასწვრივ მიმდინარეობს.
„გლდანის რაიონის გამგეობა მუხიანის აგარაკებზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას აქტიურად ახორციელებს. იქ საკმაოდ მძიმე მდგომარეობა იყო, არ არსებობდა კომუნიკაციები, ვერ გადაადგილდებოდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, იყო მხოლოდ გრუნტისსაფარიანი გზა. წვიმის დროს ქვეითებისთვის ფეხით გადაადგილებაც კი უდიდეს პრობლემას წარმოადგენდა. რამდენიმე წლის წინ დავიწყეთ აღნიშნული დასახლების მოწესრიგება, კომუნიკაციების გაყვანა, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა. სადაც ეს პროექტები განხორციელდა, იმ არეალებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი უკვე მოძრაობს.
სამუშაოების წარმოების დროს, წარმოიქმნა პრობლემა – ფერდებიდან წამოსული წყლის ნაკადები ადგილობრივ მცხოვრებლებს უდიდეს პრობლემას უქმნიდა. ბოლოს, როდესაც აღნიშნულ დასახლებაში, ბორჯომის ქუჩაზე ვიმყოფებოდი, მოსახლეობას შევხვდი და მათ პრობლემაზე ვისაუბრეთ. მათ დავპირდი, რომ მოეწყობოდა ცენტრალური სანიაღვრე კოლექტორი, რაც არსებულ პრობლემას მოაგვარებდა.
ადგილობრივმა გამგეობამ პროექტის განხორციელება დაიწყო და ნეკრესის, სვანეთის, ერთობისა და ბორჯომის ქუჩის გარკვეული მონაკვეთის გასწვრივ სანიაღვრე კოლექტორს აწყობს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, სამუშაოები, დაახლოებით, 2 400 გრძივ მეტრზე განხორციელდება, რისთვისაც 3 600 000 ლარამდე დაიხარჯება.
„როგორც აღვნიშნე, მუხიანის აგარაკებისთვის ეს პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან კოლექტორი უზრუნველყოფს მოსული უხვი ნალექის ნაკადის მიღებას, გატარებას და რაც მთავარია, მოსახლეობის საცხოვრებელი სახლებიდან არიდებას.
პარალელურად, კვლავ აქტიურად გაგრძელდება გზების მოწესრიგება, რათა ადგილობრივ მოსახლეობას კომფორტულად გადაადგილების საშუალება ჰქონდეს“, – განაცხადა თბილისის მერმა.